კობახიძე: საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში და 20 ივნისს, შეიძლება, ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის ალიანსის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ალიანსის შესახებ დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.

„ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია. მათ თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიცია, ეს ალიანსი მათ გააფორმეს კოალიციად ოთხ მუნიციპალიტეტში. თუმცა არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება, იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ა.შ. მაგალითად, გახსოვთ, ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში და 20 ივნისს. შეიძლება, ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი“, – განაცხადა კობახიძემ. დღეს მან „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში შეხვედრა გამართა.