კორონავირუსი | მზად არიან თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტები ონლაინსწავლებისთვის

სალომე გორგოძე

მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 16 მარტამდე შეჩერდა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თხოვნით მიმართა უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებს (სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობაა), გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ვირტუალურ, ონლაინრეჟიმში სწავლის, კონფერენციებისა თუ სხდომების ორგანიზების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის გამო არდადეგების გახანგრძლივება იქნება საჭირო, რა რესურსი აქვთ უნივერსიტეტებსა და სკოლებს, რომ სწავლა დისტანციურად, ონლაინრეჟიმში გააგრძელონ?

„პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ონლაინსწავლების რა შესაძლებლობები აქვთ ამ ეტაპზე საჯარო სკოლებს და განიხილება თუ არა არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა? განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად რა მეთოდებს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუკი არდადეგების გახანგრძლივება იქნება საჭირო.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე საჯარო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტებში აცხადებენ, რომ ნაწილობრივ ონლაინსწავლების გამოცდილება აქამდეც ჰქონიათ, თუმცა სრულად დისტანციურად სწავლების საჭიროება დღემდე არ დამდგარა, ამიტომ ორკვირიან არდადეგებს გამოიყენებენ არსებული რესურსის მობილიზებისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასწავლო პროცესის აღდგენა 16 მარტის მერეც ვერ მოხერხდება, სწავლების პროცესი არ შეფერხდეს.

როგორც „პუბლიკას“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, აკადემიურმა საბჭომ უკვე იმსჯელა შექმნილ მდგომარეობაზე და გადაწყდა, რომ თავდაპირველად კონსულტაციებს ფაკულტეტების დონეზე გაივლიან, მომდევნო აკადემიურ საბჭოზე კი იმსჯელებენ იმ კონკრეტული ცვლილებების შესახებ, რომელიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სამართლებრივ აქტებში უნდა შევიდეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ტექნოლოგიურად ონლაინსწავლების პროცესი გამართულია. არსებულ სისტემაში ლექტორებსა და სტუდენტებს შეუძლიათ, განათავსონ როგორც ვიდეო, ისე აუდიო და ტექსტური ფაილები. ამ ეტაპზე განიხილება ლექტორის მიერ ჩაწერილი ვიდეო ან აუდიო ლექციების განთავსება არსებულ სისტემაში.

„ვიმედოვნებთ, რომ 16 მარტამდე დრო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ყველა პრობლემა, რაც ჯერჯერობით ჩანს, აღმოიფხვრას, თუმცა იმისათვისაც ვემზადებით, რომ გადავიდეთ ე.წ. ელექტრონული სწავლების მოდელზე,

ჩვენ უკვე გვქონდა შიდა კონსულტაციები და არანაირი პრობლემა, ჩვენი კუთხით, ტექნოლოგიური კუთხით, უნივერსიტეტს არ ექნება. ჩვენ შეგვეძლება Moodle (ელექტრონული სასწავლო პლატფორმა) პლატფორმის მეშვეობით, სალექციო კურსები, სილაბუსები თუ სხვადასხვა სასწავლო მასალა მივაწოდოთ სტუდენტებს ელექტრონულად“, – აცხადებს ლაშა საღინაძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დღემდე დისტანციურ სწავლებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იყენებდნენ, მეტწილად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებისთვის, ამიტომ ამ ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს გამოცდილება ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

„ცალკეულ შემთხვევებში ვიყენებთ კიდეც დისტანციურ სწავლებას მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში, ნაშრომების დაცვასაც კი ვაწარმოებთ ონლაინრეჟიმში, მაგრამ ასეთი მასშტაბური საჭიროება თუ დადგებოდა, ამაზე არ გვიფიქრია, თუმცა უნივერსიტეტს აქვს რესურსი. გარდა ამისა, ჩვენი ლექტორების დიდ ნაწილს გაკეთებული აქვს ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქამდეც იყენებენ. ვფიქრობ, ეს ორკვირიანი შესვენება, რომელიც გამოგვივიდა იძულებით, შეგვიძლია, გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვემზადოთ უფრო ფართომასშტაბიანი დისტანციური სწავლებისთვის“, – უთხრა „პუბლიკას“ გოგი აბრამიშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დღემდეც სწავლება შერეული მოდელით მიმდინარეობდა. შესაბამისად, უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე ონლაინპლატფორმა რომლესაც დისტანციური სწავლისთვის აქამდეც იყენებდნენ სტუდენტები.

„მაგალითად, გვაქვს პლატფორმა „ონლაინ ილიაუნი“, სადაც ონლაინლექციებია განთავსებული. უბრალოდ, აქამდე ეს გამოყენებული იყო სხვა მეთოდებთან ერთად – შერეული მეთოდით ვასწავლიდით. ახლა ამ ვითარების გამო, ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა, სადაც დავიწყეთ უკვე დაგეგმვა, იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია ცოტა დამძიმდა, როგორ შეიძლება, გადავიდეთ სრულად ონალინრეჟიმზე. ორი კვირა გვაქვს იმისათვის რომ უფრო დეტალურად ჩამოვყალიბდეთ, რა და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს პროცესი დაძრულია. იმედი გვაქს, ექსტრემალურ პიროებებში მუშაობა არ მოგვიწევს, თუმცა მაგისთვისაც მზად ვიქნებით“, – უთხრა „პუბლიკას“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა. ექიმების ცნობით, ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით კარანტინში იმყოფება 140 ადამიანი.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, გადაუდებელი საჭიროებების გარდა, თავი აარიდონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში მოგზაურობას, იქ, სადაც არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 93 000 ადამიანი, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3000-ზე მეტი ადამიანი.