კორონავირუსი | რა მოხდა გუდაურში

გუდაურში მყოფი ჩეხი ტურისტის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განცხადებით პასუხობს:

„ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც მისივე თქმით 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში, დიაგნოსტირებაც მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან და დაწესებულებებთან, რომლებთანაც ჰქონდა კონტაქტი და დაადასტურა, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი. გუშინ ოპერატიულმა სამსახურებმა  მოახდინეს ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტში. ამ ეტაპისთვის იზოლირებული არის 30 პიროვნება და მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი აცხადებს, რომ ინფიცირებული ჩეხი ტურისტი მხოლოდ გუდაურში იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის კახეთსაც ეწვია, ჩეხი ტურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით არ დასტურდება.

დღეს, 16 მარტს, გუდაურში მდებარე რესტორნის, „მთვრალი ალუბლის“ Facebook-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაურში დამსვენებელ 3 ტურისტს ჩეხეთიდან, რომლებიც რესტორანს ყოველდღიურად სტუმრობდნენ, კორონავირუსი დაუდგინდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან დაკეტილები ვართ და მთელი ჩვენი სტაფი კარანტინშია.
ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…”, – წერია რესტორნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მრავალ ადამიანს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ინფიცირებული ტურისტები საქართველოში იმყოფებოდნენ და კორონავირუსზე მათი შემოწმებაც ქართულმა სამედიცინო დაწესებულებებმა უზრუნველყვეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულ ჩეხ ტურისტებს მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ კორონავირუსი, დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით კი, ვინაიდან ინფიცირებული ტურისტები რესტორან „მთვრალ ალუბალს” რეგულარულად სტუმრობდნენ, რესტორნის თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ, რესტორანი კი დროებით დაიხურა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა.

„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, – წერს ანა კასრაძე.

ინფიცირებული ტურისტის ამჟამად საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია უარყო მარინა ეზუგბაიამაც, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. არ არის ეს დადასტურებული ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული ინფორმაცია მოდის ჩვენს ცენტრში”, – განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

„მთვრალი ალუბლის” მენეჯერის, მირანდა ესაკიას განცხადებით, რესტორნის ორი თანამშრომელი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„ჩვენს ორ თანამშრომელს ჰქონდა სიცხე, ამიტომ ისინი გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მე მაქვს მათთან კონტაქტი და მითხრეს, რომ ჯერ მათთვის არანაირი ტესტი არ ჩაუტარებიათ”, – განუცხადა ესაკიამ „ტვ პირველს“. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან არც ერთი ჩეხეთის მოქალაქე არ არის.