კორონავირუსი | „შეიქმნება მექანიზმი, რომელიც წარადგენს გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად"

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენა განიხილეს – განსაკუთრებით, როგორ მოქმედებს დაწესებული შეზღუდვა ტურისტულ სექტორზე.

გადაწყდა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოწყვლად სექტორში მეტი ფულადი რესურსი უნდა დარჩეს იმისათვის, რომ მიმდინარე პროექტებს ხელი არ შეეშალოს.

„რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისთვის, რომ ეს იქნება მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გამოწვევა, დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემას და მის გამართულ მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. დღეს საუბარი გვქონდა იმ სექტორებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს, რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია, რისი გაკეთება შეიძლება, რომ შენარჩუნებული იყოს რაც შეიძლება მაღალი ზრდა ქვეყანაში“,  – განაცხადა ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ.