კვირაში ერთხელ აქ იქნება აქციები – უგულავა სამომავლო გეგმებზე

ვასკა მათითაიშვილი

„კვირაში ერთხელ აქ იქნება აქციები. იმ კვირაში, როცა არ არის პარლამენტის სხდომა, ვიქნებით რეგიონებში. თებერვლის ბოლოს დაანონსდება გაზაფხულისთვის დიდი აქცია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ასეთი აქციები იქნება ბევრი და სხვანაირი აქციებიც იქნება. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ შიგნით ამ ზეწოლას და გარედან უპრეცენდენტო ზეწოლას, რომლის მსგავსიც კი, მე არ მახსოვს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია და „სირცხვილის კორიდორები“ დღეს დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს ბანერები წარწერებით – „სირცხვილია!“ და „შეცვალე!“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე იდგნენ და შეძახილებითა და სტვენით ხვდებოდნენ დეპუტატებს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.


გიგი უგულავა, პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში 60%-იანი შედეგის მიღების რესურსიც აქვს. „ეს უფრო მეტად იმას ნიშნავს, რომ კობახიძე მატყუარაა ან ბრიყვი… თუ 60%-ს იღებს, მაშინ აი, ამ შარში რატომ გაყვეს თავი… ყველა კვლევის ფარგლებში მათ აქვთ 30%-ის ფარგლებში აღების შანსი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“, მინიმუმ, 2016 წლის არჩევნების შედეგს გაიმეორებს, როდესაც, მისი თქმით, მმართველ პარტიას ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მისცა ხმა.

„პროგრამა მინიმუმი არის ყოველი მეორე ხმა… ჩვენ გვაქვს 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც… ამ შედეგის მიღწევის საშუალებას გვაძლევს ჩვენ ის კვლევები, იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი მხრიდან წარმოებს… საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.