„2020 წლის მაისისთვის ჭალის დეგრადირებულ არეალზე აღარ არსებობს არც ტყის საფარი, არც ბალახი, ნიადაგი უვარგისი გახდა”, – დიღმის ჭალების ეკოლოგიური მდგომარეობისა და დიღმის ჭალების მნიშვნელობის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა და დიღმის ჭალების მცველმა ანა ტრაპაიძემ და გარემოსდაცმველმა მკვლევარმა მარიამ ხვედელიძემ ანგარიში მომაზადეს. ანგარიში აღწერს ადგილზე არსებულ ვითარებას და საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პრობლემიდან გამოსავალსაც სთავაზობენ.
დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზედა ტერასაზე მდებარეობს. ჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული ფართობი 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი დღესდღეობით კერძო საკუთრებაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 123 ჰექტარამდე, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია.
არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული მანამ, სანამ 2015 წლიდან ტერიტორიაზე ანთროპოგენული [ადამიანის] ზემოქმედების შედეგად ტყის საფარის დიდი ნაწილი განადგურდებოდა.
დიღმის ჭალების ურბანული განვითარება 2015 წლიდან დაიწყო – აშენდა ოლიმპიური სოფელი და საცხოვრებელი კორპუსები.
2015 წელს თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ჭალებში ყველაზე დიდი პარკი აშენდებოდა. 2015 წლიდან დღემდე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ მოწყობის გეგმები კვლავ შეუსრულებელია.
ფართობი, რომელიც პირველადი ინფორმაციით დიღმის ჭალების პარკს უნდა დაეფარა, უფრო და უფრო მცირდება. თავდაპირველი მონაცემებით, ჭალებში მოწყობილი პარკი 50 ჰექტარი ფართობის (მტკვარში არსებული ჭალის კუნძულის ჩათვლით) უნდა ყოფილიყო. 2019 წლის პროექტის მიხედვით კი პარკს მხოლოდ 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია უნდა დაეფარა.
დიღმის ჭალების ეკოსისტემა და მნიშვნელობა
ჭალის ტყე მდიდარი და ღირებული ჰაბიტატია ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ხეები ბუნებრივად ცვლიან წყლის ქიმიურ ბალანსს ნიადაგიდან მინერალების ამოღებისა და მათი წყალში გადატანის გზით, ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ მდინარის ბიოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, სანაპიროს ტყეები ეხმარებიან დამბინძურებლების გაფილტვრას და იცავენ მდინარეებს მათგან, აუმჯობესებენ წყლის ხარისხს, კრიტიკულ როლს თამაშობენ ეროზიის კონტროლირებაში და წარმოადგენენ დამცავ ზონას კატასტროფული წყალდიდობების წინააღმდეგ.
დიღმის ჭალები ფლორისა და ფაუნის სახეობებისთვის უნიკალურ ჰაბიტატს ქმნის. ჭალის ტერიტორიაზე ვხვდებით ფშატის, ვერხვის, მუხის ხეებს, ბუჩქნარებსა და მდელოს ბალახეულობას, მცირე ზომის ცხოველებიდან მელიებსა და წითელი ნუსხით დაცულ სახეობას – წავებს (ბინადრობენ ჭალის კუნძულზე). თბილისის წავის კუნძული ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორიაც კი გახდა.
ამ არეალზე ბერნის კონვენციით დაცული ფრინველთა სახეობებიც ბინადრობენ, მათ შორის, ცისფერი ალკუნი, დიდი თეთრი ყანჩა, პატარა ყანჩა და ღამის ყანჩა. მათ გარდა არიან ჩვამა და წერო. ტერიტორიაზე ქვეწარმავლების ბინადრობენ, მათ შორის, ბერნის კონვენციით დაცული ჭაობის კუ და წითელ ნუსხაში შეტანილი ხმელთაშუაზღვეთის კუ. ტერიტორიაზე გვხვდება რამდენიმე ტბაც.
„ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ ევროდირექტივის თანახმად, ზურმუხტის ტერიტორიის (მათ შორის, შეთავაზებული და კანდიდატი ტერიტორია) მესაკუთრე (ჭალის კუძნულის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტი) ვალდებულია დაიცვას ტერიტორია უარყოფითი ზემოქმედებისგან.
რა ხდება დიღმის ჭალებში
2010 წლის სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ დიღმის ჭალებში შენარჩუნებული იყო მცენარეული საფარი, წიაღისეულის ღია კარიერული მოპოვება კი ერთ მცირე ტერიტორიაზე მიმდინარეობა. 2020 წლის მაისისთვის ჭალის დეგრადირებულ არეალზე აღარ არსებობს არც ტყის საფარი, არც ბალახი, ნიადაგი უვარგისი გახდა.
დიღმის ჭალებში დღეს 3 ძირითადი პრობლემაა.
- უპირველესი გარემოსდაცვითი გამოწვევა ტერიტორიის ნარჩენებით დაბინძურებაა. კვლევის მიხედვით, ჭალების ტერიტორიაზე დაბინძურებულია 40 ჰა-მდე ტერიტორია და განთავსებულია 400 000 კუბურ მეტრზე მეტი ნარჩენი.
ტერიტორიაზე ადგილ-ადგილ შევხვდებით თითქმის ყველანაირი ტიპის დიდი რაოდენობით ნარჩენს, მათ შორის, ინერტულ, სამშენებლო, მუნიციპალურ, საყოფაცხოვრებო და სპეციფიკურ ნარჩენებსაც კი (ძრავის ზეთი, მაზუთი, საბურავი, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები).
ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსება ლანდშაფტს აზიანებს, არღვევს მიკროფლორას და ანადგურებს მცენარეებს, ასევე დიდ საფრთხეს უქმნის ჭალების ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში და ჭალის კუნძულზე მცხოვრები ფაუნის წარმომადგენლებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დაბინძურებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში არაა, მისი დასუფთავების ვალდებულება თავად მუნიციპალიტეტს ეკისრება, ამ პასუხისმგებლობის აღებაზე კი, ადგილობრივების თქმით, მერია უარს აცხადებს.
2. ღია კარიერული მოპოვება, დასაწყობება, გადამუშავება;
სანაპიროს ჭალების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ამავე ტერიტორიაზე მოპოვებული ქვა-ღორღის განთავსებისა და წიაღისეულის მოპოვების შედეგად ღიად დარჩენილი კარიერების არეალს.
ადგილობრივები ასევე აცხადებენ იმასაც, რომ კარიერული სამუშაოები უნებართვოდ ხორციელდება. ამის შესახებ მათ გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს და შედეგად იმას მიაღწიეს, რომ იქ მომუშავე საწარმოებს საქმიანობა შეეზღუდათ, ხოლო მერიამ საწარმოებს შენობა-დანადგარების დემონტაჟი მოსთხოვა.
ტერიტორიაზე მოპოვებული ქვიშა-ხრეშის დასწყობების შედეგად, ჭალის ტყის დიდი ნაწილი ინერტული მასალის გორებშია ჩაფლული. წიაღისეულის მოპოვების შედეგად გაჩენილი კიდევ ერთი პრობლემა ღიად, ორმოების სახით დარჩენილი კარიერებია, რომელთა სიღრმე 3-დან 6 მეტრამდეა და 15 ჰექტარამდე ფართობის ტერიტორიას მოიცავს. დანაგვიანებული ნიადაგი და წყალი მავნებელია ჭალებში მცხოვრები ფაუნისთვის.
3. გადამამუშავებელი საქმიანობა;
გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობის შედეგად გაფრვეული მტვერი საფრთხეს უქმნის გარემოს, აბინძურებს ჰაერს და მავნე ზემოქმედება აქვს ადგილობრივ მცხოვრებლებზე.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მდინარე მტკვირს ორივე სანაპიროს ჭალები სარეკრეაციო ზონის სტატუსითაა შესული.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიის განვითარების ამჟამინდელი მიმართულება და აქ მიმდინარე პროცესები სრულიად ამოვარდნილია დედაქალაქის განვითარების მიზნებიდან და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ჭალებს მომავალში დიდ საფრთხეს უქმნის ტერიტორიასთან მიმართებით სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების დამოკიდებულება.
„ხშირად ხდება ისე, რომ ბუნებრივ გარემოზე მაღალი ანთროპოგენული ზემოქმედების არსებობა ერთგვარ ბერკეტს ქმნის ტერიტორიის ათვისებით ფინანსურად დაინტერესებული ინდივიდებისთვის და მათ საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან მწვანე შუქი ენთება იმ არგუმენტით, რომ ბუნებრივი გარემო ისედაც გარდაქმნილია“, – ამბობენ ისინი და მაგალითად დიღომი ჰესის პროექტი მოჰყავთ.
რა არის გამოსავალი:
- ანგარიშის ავტორების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე აიკრძალოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხორციელდება;
- პარალელურად, საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიის დანაგვიანებისა და უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა;
- ტერიტორიის გასუფთავების შემდგომ, მნიშვნელოვანია მოხდეს ღია კარიერული სამუშაოების, დასაწყობების, გადამამუშავებელი საქმიანობებისა თუ დაბინძურების შედეგად დეგრადირებული გარემოს აღდგენა და ნიადაგის რეკულტივაცია;
კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.
გაეცანით „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ მასალებს დიღმის ჭალებზე:
დიღმის ჭალებთან მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებლად გაუსაძლის გარემოზე საუბრობს
დიღმის ჭალები | დაბინძურებული გარემო და ტერიტორიის პოტენციალი
„დაგვიბრუნეთ დიღმის ჭალები” – მიმართვა დედაქალაქის მერს, დადოს საჯარო პირობა
ბრძოლა დიღმის ჭალებისთვის | ადგილობრივები დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვენ
დიღმის ჭალებში ნებართვის გარეშე აშენებული საწარმოებისთვის კომპანიები დაჯარიმდნენ