კვლევა: მოსახლეობის 13% ამბობს, რომ ფული არ ჰყოფნის საკვებზე

პუბლიკა

CRRC-ის საზოგადოებრივი კვლევა „კავკასიის ბარომეტრის“ თანახმად, მოსახლეობის 27% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის მხოლოდ საკვებზე, 13%-ის თქმით, ფული არ ჰყოფნის საკვებზე.

გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ საშუალება აქვს, შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება.

შეკითხვაზე: ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას? – პასუხები ასე განაწილდა:

  • ფული არ გვყოფნის საკვებზე – 13%;
  • ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე – 27%;
  • ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა – 42%;
  • საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა – 12%;
  • საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება – 4%;
  • არ ვიცი – 1%;
  • უარი პასუხზე – 2%.

ასევე, შეკითხვაზე –  ბოლო 6 თვის განმავლობაში რამდენჯერ მოუწია თქვენს ოჯახს ფულის სესხება საკვების შესაძენად? სესხებაში არ იგულისხმება ბანკის ვალი/კრედიტი, თუმცა ითვლება ნისია ადგილობრივ მაღაზიაში, 56% ამბობს, რომ არასდროს, ხოლო 27%-ის თქმით, უფრო იშვიათად.

  • ყოველკვირეულად – 3%;
  • ყოველთვიურად – 6%;
  • ყოველ მეორე თვეს – 4%;
  • უფრო იშვიათად – 27%;
  • არასდროს – 56%;
  • არ ვიცი – 3%;
  • უარი პასუხზე – 2%.

კვლევა „კავკასიის ბარომეტრი” ორგანიზაცია CRRC-იმ ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).