სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა იწყება

პუბლიკა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა იწყება.

მხარეები ჩიგარანის სასახლეში მივიდნენ. რუსული დელეგაციის წევრები კოსტიუმებით, უკრაინელები კი სამხედრო ფორმებით არიან წარმოდგენილები.

გუშინ, 1 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პირობა დაასახელა, რომლებსაც უკრაინული მხარე რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე დააყენებს:

  1. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა;
  2. პატიმრების გათავისუფლება;
  3. გატაცებული ბავშვების დაბრუნება.

დღეს მოლაპარაკებების II რაუნდია. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს 2022 წლის შემდეგ პირველად 16 მაისს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ 1000-1000 ტყვე გაცვალეს.

შეხვედრა ტარდება უკრაინის მიერ რუსეთში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მომდევნო დღეს.

1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე მიიტანა იერიში, 117 დრონით. გავრცელებული ცნობებით, შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 და Tu-22M3, ასევე ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის საჰაერო ხომალდი А-50.

უკრაინის მხრიდან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსშია, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი მიმდინარეობს.

„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს და ამ ორ ქვეყანასთან ერთად მასში შედიან, აგრეთვე, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ლიდერები 24-25 ივნისის NATO-ს სამიტის წინ პოზიციების კოორდინაციისთვის შეიკრიბნენ.

ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებებსა და სამხედრო ოპერაცია „ობობას ქსელზე“ სწორედ ვილნიუსში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ობობას ქსელმა“ აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია მგრძნობიარე დარტყმების მიყენება და ეს აძლიერებს არა მხოლოდ მის თავდაცვას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც.

მან მადლიერება გამოხატა „იარაღის წარმოებაში ჩადებული თითოეული ინვესტიციისთვის“ და თქვა, რომ ევროპასა და აშშ-ს ერთად „უკეთესი იარაღი აქვთ, ვიდრე რუსეთს“.

„ჩვენ ასევე ვიღებთ უფრო ძლიერ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენმა ოპერაცია „ობობას ქსელმაც“ დაამტკიცა.

რუსეთმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს მისი დანაკარგები. სწორედ ეს უბიძგებს მას დიპლომატიისკენ“. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს მომავალი რუსეთის გადასაწყვეტი არაა.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს ალიანსსა და მის წევრებზე. ეს პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროატლანტიკური ქვეყნების საქმეა. პუტინმა გადაწყვიტა ევროპის წინააღმდეგ ყოფნა, ამიტომ ის ჩვენი მომავლის გადაწყვეტაში არ უნდა მონაწილეობდეს. ეს ივნისში ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რადგან ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.