„ზოდიაქოს ბიჭებს" 3-3 წელი მიესაჯათ

პუბლიკა

აქციების დროს დაპატიმრებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილისა და 23 წლის დანიელ მუმლაძის 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოაცხადა.

„ზოდიაქოში“ დასაქმებულ მეგობრებს აქციების დროს 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანება ედებათ ბრალად. პროკურატურის თქმით, ზიანმა 12 100 ლარი შეადგინა.

ბრალდებულები მზად იყვნენ, აენაზღაურებინათ ეს თანხაც. ისინი დანაშაულს აღიარებდნენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდათ, თუმცა პროკურატურამ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარეს უდაოდ ჰქონდა ცნობილი.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს მიმართა, რომ გამოეყენებინა სისხლის სამართის კოდექსის 50-ე მუხლი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს სასჯელის ნაწილი. ამ შემთხვევაში ადვოკატები სასჯელის 1/3-ით შემცირებას ითხოვდნენ.

მოსამართლე ლილი მსხილაძემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და უარი თქვა ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე. სასჯელის ზომად და სახედ კი მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 3 წელი განსაზღვრა.

„რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა.

ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

[…] იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი, 3 წელი საკმარისი იქნება, რომ ამ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული“, – თქვა მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებაზე უარი ობიექტურად აღქმადი გარემოებების გარეშე ეთქვათ. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ არ გამოიყენა შეღავათი, ადვიკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ის გარემოება, რაც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში ახსენა, არ იყო ბრალის მტკიცებულებითი და ფაქტობრივი აღწერილობის ნაწილი.

მისი თქმით, მოსამართლემ თავად შემოიტანა ახალი მდგენელი, რაც საპროცესო კანონმდებლობის დაშვებას ცდება.

საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე იყო. მისი თქმით, ბრალდების მხარე მიაჩნია, რომ ის მოცემულობა, რაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა, აისახა სასამართლოს მიერ გამოცხადებულ სასჯელში.

„ის, რომ სახელმწიფო ბრალდება არ აფორმებს საპროცესო შეთანხმებას, ეს ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს მიზანია, ადამიანის ციხეში ყოფნა…

სანქცია იყო 3-დან 6 წლამდე, სასამართლომ განსაზღვრა მინიმალური – სამი წელი; სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, აღიარება, მათი ოჯახური მდგომარეობა და განსაზღვრა არა 6 წელი, არამედ 3 წელი”, – ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.