ლაშა ტალახაძე საჩხერის მერიისგან 10 000 ლარით დაჯილდოვდა – საჩხერის მერია

პუბლიკა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა გამართეს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესა და საქართველის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან.

ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან ლაშა ტალახაძე 10 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო მის პირველ მწვრთნელს კობა ტალახაძეს 3 000 ლარი გადაეცა.

ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაშა ტალახაძესა და გიორგი ასანიძეს გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული საჩუქრები.

როგორც უწყების Facebook-გვერდზეა აღნიშნული, ღონისძიების დასასრულს სამმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საჩხერეს თავის ხელის ანაბეჭდი დაუტოვა. ღონისძიებას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მეორედ მოიგო. ტალახაძემ მთავრობისგან ჯილდოდ 1 500 000 ლარი მიიღო, მილიონი – ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, 300 ათასი ოლიმპიური, 200 ათასი კი მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის.