„ლელო“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით კანონპროექტის ინიცირებას აპირებს - ჯაფარიძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კორუფციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სისტემური კორუფცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას პარლამენტში კორუფციის შემსწავლელი კომისია. ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ გეგმავს კანონპროექტის ინიცირებას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით.

„ბოლო წლებში არცერთი დიდი კორუფციული საქმე არ გახსნილა, არის წვრილმანი კორუფციული საქმეები, მაგრამ – არცერთი მსხვილი. რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 665 მლნ. ლარზე მეტი საეჭვო კონტრაქტი დადეს. ასევე ბოლო წლებში გამოიკვეთა, ე.წ. ელიტური კორუფცია და საერთოდ არანაირი რეაგირება არ არსებობს მასზე.

კორუფცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს გამოჩნდა კიდეც საერთაშრისო ორგანიზაციების შეფასებებში, სამოქალაქო საზოგადოების დასკვნებში და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამაც აჩვენა.

შესაბამისად, ყველა ეს ციფრი მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა კორუფციის გავრცელების კუთხით. აუცილებლად მიგვაჩნია, შეიქმნას პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა ამ ფაქტს, ყველა ამ კონკრეტულს ციფრს თუ სტატისტიკას.

ასევე „ლელო საქართველოსთვის“ აპირებს უახლოეს პერიოდში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.