„ლელო“ ემიჯნება აქტივისტების ულტიმატუმს - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთის“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის და „ლელო“ ემიჯნება მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტების გაჟღერებულ ულტიმატუმს.

„რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და გამოხატავენ. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ქვეყანას, „ლელოს“ სახელით ვლაპარაკობ. ერთი არის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას სხვა პრობლემები არ უნდა დავამატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი, “- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ ეთერში.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ შეკრებილმა აქტივისტებმა და მოძრაობა „საქართველოსთის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ალიკა კუპრავას თქმით, ისინი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ მათი სამი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადავლენ პროტესტის მწვავე ფორმაზე. მათი თქმით, ისინი გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს.