„ლელომ“ და „ლეიბორისტებმა“ შესაძლოა სახელმწიფო დაფინანსება დაკარგონ

პუბლიკა

პარტიების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, თუ ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდებათ, „ლელო“ და „ლეიბორისტები“ სახელმწიფო დაფინანსებას დაკარგავენ.

1 თებერვლიდან ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებები. ამ ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს.

„ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან“, – წერია კანონში.


გუშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატის – ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და კახაბერ კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.