„ლიტერას“ ჟიური ლელა კოდალაშვილმაც დატოვა

პუბლიკა

ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიური მწერალმა ლელა კოდალაშვილიც დატოვა. პრემიის ჟიური დატოვა ასევე მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა.

„მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ ლიტერას” ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა…

ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად..

p.s. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს – ნატას და ლელას, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ, – წერს ლელა კოდალაშვილი.


კონკურსი პროტესტის ნიშნად 15-ზე მეტმა ავტორმა დატოვა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ.

წერილი გაავრცელეს „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალმა მწერლებმა, დიზაინერებმა და გამომცემლებმა. ისინი მიმართავენ თეა წულუკიანს დაუყოვნებლივ გაიწვიოს სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი.