„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ თეა წულუკიანის კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს – ამჯერად „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელების” შესახებ ახსნა-განმარტებისთვის.
ხაზარაძის თქმით, კომისიაზე მისვლას არ აპირებს.
„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიაზე ერთხელ უკვე დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა – მან გირაო გადაიხადა.
მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.