მარიამ ქვრივიშილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ბაია კვიციანია

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიით პარლამენტის დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მან საკანონმდებლო ორგანო და დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს.

მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში, გენდერული კვოტირების ნორმის მიხედვით, იმავე სქესის პარლამენტის წევრი უნდა გახდეს.

„ოცნების“ სიაში მომდევნო ქალი, 68-ე ნომერი ბაია კვიციანია. იმ შემთხვევაში, თუ ბაია კვიციანიც უარს იტყვის მანდატზე, პარლამენტის წევრი პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, გრეტა წიწავა იქნება.

ბაია კვიციანი თავის დასთან, მაკა კვიციანთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „Dallod“-ს ფლობს, რომელშიც მაკა კვიციანის დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი იყიდება.


საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ 24 მაისს დაინიშნა.