მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაციას მარიამ ქვრივიშვილის განათლებისა და გამოცდილების შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019 – 2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად,  ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო.

2010 – 2012 წლებში ქვრივიშვილი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა  ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School)              მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის   ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების – Flynas-ისა დ Salam Air-ის  საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და  მართვა, ასევე ავიაკომპანიების – Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების  საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.