მარიხუანის სრული ლეგალიზაცია და სხვა | „გირჩის“ 7 პირობა - რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პუბლიკა

რა შემთხვევაში შეწყვეტს პარტია „გირჩი“ ბოიკოტს და შევა პარლამენტში? – ამ საკითხზე პარტიის წევრებმა საკუთარი პირობები და გეგმა თანამოაზრეებს უკვე გააცნეს.

„გირჩის“ გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია, პარტიის გაზეთის „მეტი თავისუფლების“ სპეციალურ გამოშვებაში, რომელსაც ჰქვია „სამეფოს დაბადება“.

სტატიაში „გირჩის გზა“ მოცემულია ის 7 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის წევრები მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში.

„შევწყვეტთ ბოიკოტს, თუ „ქართული ოცნება“  ქვემოთ ჩამოთვლილი 7 საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება:

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლეს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მონაწილეობას მიიღებს ამ რეფორმების განხორციელებაში“, – ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.

პარტიაში ამბობენ, რომ თუ მმართველ პარტიის წევრებს, პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი, არ უნდათ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება მათთვის, 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის.

„რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენ ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ ვცვლით.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნებს გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა.

თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან:

  • ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.
  • არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში.
  • არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
  • თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით

გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ:

  • პარლამენტის წევრის იმუნიტეტს.
  • იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს).
  • პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.

ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფანში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში“, -ამბობენ პარტიაში.