მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყაროს დადგენა კი, მისი თქმით, ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს.

„დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა. ეს გახლავთ შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ინფიცირებული ერთი ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რაზეც უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემა. ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი“.

პრემიერის თქმით, გამომდინარე აქედან, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.

„მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში იქნება. იზღუდება შესვლა და გამოსვლა. იკეტება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომია მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. საკვები ობიექტები, აფთიაქები ღია დარჩება“, – თქვა პრემიერმა. 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვები დაწესდება მედიაზეც. მისი თქმით, ადგილობრივი მედია იმუშავებს  ჩვეულებრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი მედიასაშუალებები ინფორმაციას მიიღებენ საზოგადეობრივი მაუწყებლის  საშუალებით.