მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მარნეულელი ქალი, რომელსაც 23 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსი, სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმის განმარტებით, ჯერჯერობით ადრეა იმისთვის, რომ შემოწმდეს, არის თუ არა კორონავირუსისგან განკურნებული, თუმცა ის აღნიშნავს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ამის შესანარჩუნებლად, პაციენტი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მარნეულში მცხოვრებ ქალს, რომელიც 23 მარტს გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსი 23 მარტს დაუდასტურდა. ის მარნეულში „ჯეო ჰოსპიტალში“ 18 მარტს  პნევმონიით შეიყვანეს. მალე მდგომარეობა დამძიმდა და  ავადმყოფი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე.

ამ შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში პრემიერმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლას და გამოსვლას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 115 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 23.