მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ - TI-ის ანგარიში

პუბლიკა

„საერთაშორსიო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად მიუთითებენ საქართველოში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ „შემაშფოთებელ ტენდენციებზე”.

ორგანიზაციის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება, საარჩევნო სისტემასთან ერთად, სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობას, ასევე პოლიტიკური ოპონენტების დევნას ექცევა.

„პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება – გამოძიების მიმდინარეობა, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო, კონტექსტი და სხვა მოვლენათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს და იგი პოლიტიკური ანგარიშსწორების  იარაღად გამოიყენება. კერძოდ:

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერების ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ანდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მათი ოპონირების გააქტიურებას ემთხვევა;
  • ხშირ შემთხვევებში, საქმეებს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან  დაახლოებული მოსამართლეები განიხილავენ;
  • ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა ანდა სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიების უგულებელყოფით.”

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო” ამბობს, რომ გამოიკვეთა 9 პირი, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დამფუძნებლები არიან და რომელთა მიმართაც გამოძიებაა დაწყებული, ბრალი აქვთ წარდგენილი ან გამამტყუნებელი განაჩენი არის დამდგარი.

მათ შორის არიან: გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს” ლიდერი; მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – TBC ბანკისა და „ლელოს” დამფუძნებლები; ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე; ირაკლი ოქრუაშვილი – პარტია „გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი; გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს” ლიდერი; გიორგი რურუა – „მთავარი არხის” მეწილე; ნიკა გვარამია – „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი; ავთო წერეთელი – „ტელეკომპანია პირველის” დამფუძნებლის მამა;

ორგანიზაციამ დაწვრილებით მიმოიხილა ამ პირთა წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავების მიმდინარეობა, დრო და კონტექსტი, რაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გამოყენება, კორუფციის ერთ-ერთ სახეს, კერძოდ პოლიტიკურ კორუფციას წარმოადგენს. ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გარემოებები, მათ შორის გაჭიანურებული ან არაეფექტიანი გამოძიება, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო და კონტექსტი, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილი უფლებების დარღვევის ფაქტები, იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ პროკურატურა და სასამართლო მმართველ პარტიასთან შეთანხმებულად მოქმედებს და მათ მიზანს არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება წარმოადგენს”, – ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.