მდინარაძე ფიქრობს, რომ კონგრესმენები შეიძლება ისევ შეცდომაში არიან შეყვანილი

ვასკა მათითაიშვილი

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისთვის მაღალჩინოსნების დაპატიმრება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტი უნდა იყოს.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიგი უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„საუბარი შეეხება 48 მილიონ ლარს. პირველ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა 4 მილიონ ლარს, რომელზეც გასამართლდა. „თბილსერვისის“ საქმეს გაგახსენებთ. მეორე შემთხვევაში საქმე შეეხებოდა გაფლანგვას, რომელშიც ბრალი წარუდგინეს უგულავას და ეს პროცესი გუშინ დამთავრდა. ეს იყო ერთი პროცესი… დღეს ისინი სპეციალურად ხალხის მოსატყუებლად აპელირებენ პროცედურაზე და არა დანაშაულზე“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ადამ კინზინგერის განცხადებასაც გამოეხმაურა:

„მეც დავეთანხმები [კინზინგერს], რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ეს ხდებოდა 2012 წლამდე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ გიგი უგულავას დაკავებას კონგრესმენების მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა, მდინარაძე პასუხობს:

„ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული განცხადებები გაკეთდა. შემდეგ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ, აბსოლუტურად პოზიტიური და აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი პრეცენდენტი ისევ დაფიქსირდა და როგორც ჩანს შეიძლება იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ

გიგი უგულავას დაკავებას აშშ-ს კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯიმ რიში გამოეხმაურნენ და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.