მდინარაძე: ოდნავ დავაკონკრეტებ, ევროპის ერთი -ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირია

პუბლიკა
მამუკა მდინარაძემ მთავრობის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ჯაშუშობაში ბრალდებული პირების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ერთ-ერთ დაკავებული ევროპული ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული და დააზუსტა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა.
„მინდა, ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ დღეს ჩვენს სპეცსამსახურებს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
ვთხოვოთ, გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ საკმარისი უნდა იყოს.
რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები ჩვენს ქვეყანაში წლებია, არ განხორციელებულა. 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე დაკავება, ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგა მაშინ, საპიაროდ დღესაც შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ჩვენ პიარზე არა, ქვეყნის რეალურ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. ამის შემდეგ ამ ქვეყანაში ჯაშუშობისთვის რეალურად არავინ დაუკავებიათ.
თქვენ გახსოვთ სუსის ბრიფინგი, რომელიც ბატონმა ლაშა მაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება. სპეცსამსახურმა ყალბ დოკუმენტებზე დააკავა კონკრეტული პირი. ეს მინიშნება, როგორც მივხვდით სწორად ვერ გაიგეს, შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ადამიანი, ძალიან საინტერესო ადამიანები.
შემდეგ იყო ევროპის… თუ გნებავთ ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს არავინ აღარაფერს იტყვის ამაზე, ევროპის ერთი -ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. ჩვენ დღე-ნახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხში და რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი [სხვა ნაწილს ხვდებით რატომ ვერ გამოაქვეყნებენ], როგორ იღებს დირექტივებს ადამიანი კონკრეტული ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისზე, მე აქედან გავალ თუ არა ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს სამი ნაწილი გამოქვეყნდეს“. – განაცხადა კობახიძემ.
უძილაურს გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ქვეყნის ინტერესების საზიანო და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამდასტურებელი მტკიცებულებები არ არის.