მე-7 კლასიდან სწავლა დისტანციურად გაგრძელდება – მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

გამონაკლისი ორი ქალაქია – პირველი ოქტომბრიდან  საკლასო ოთახებში სწავლას ყველა ასაკის მოსწავლე  მხოლოდ ფოთსა და გორში შეძლებს.

განათლების მინისტრის თქმით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია, ბავშვმა დისტანციურად ისწავლოს, ამის შესაძლებლობა იქნება.

„იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ დისტანციურად სწავლა, ამ პროცესს სკოლა უზრუნველყოფს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს გვერდზე. სკოლები დაუკავშირდებიან მოსწავლეთა მშობლებს და მშობლები დარეგისტრირდებიან. სისტემა მოქნილია და ყველას ინტერესს ითვალისწინებს.”