პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
შეკითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა ბიძინა ივანიშვილს, გახარია პასუხობს, რომ დღეს ის მას „არც აქებს და არც აძაგებს“.
„მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ასე განაცხადა, რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარმუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია და ჩემი პასუხისმგებლობა არის, მე არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მე მესმის რამდენ ადამიანს უნდა აქ ჭორაობის მოსმენა. მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ – მე რაც შევძელი, გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, – აცხადებს გახარია.