მე დღეს ამნისტიას, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

გახარია აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციასთან შეთანხმების საგანი – ამნისტია არის კატეგორიულად მიუღებელი და მხარს არ უჭერს.

„ჩემთვის მაგალითად ის, რომ შეთანხმების საგანი არის ამნისტია, არის კატეგორიულად მიუღებელი. მე დღეს ამნისტიას, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერ, იმიტომ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება და „ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის მონაწილეები გახდნენ ამნისტირებულები და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან, თურმე, პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს, პარლამენტის შტურმისკენ და დღეს ვიღაცა კიდევ გამოვა და იტყვის, რომ გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალსო…

ადამიანებმა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარი პარტია დაეზიანებინათ, დღეს „ოცნება“ დააზიანეს ისეთი დონით და სახელმწიფო… იმიტომ, რომ მარტივი თემაა, როგორ წარმოგიდგენიათ დღეს თქვენ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულება. ადამიანები, რომლებიც ამ შტურმში მონაწილეობდნენ, დაახლოებით 14-15 ადამიანი, გასამართლებულია. ის ხალხი, რომელიც, პოლიტიკური ლიდერების მოწოდებით, ამ შტურმის ნაწილი იყო და დღეს, თურმე, იმ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზატორები იყვნენ ამ შტურმის, ხელისუფლებამ ამნისტია აჩუქა“, – აცხადებს გახარია.