მე, კობახიძეს და პაპუაშვილს მოგვიწევს დებატები ხელმომწერ ოპოზიციასთან - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეიდან „პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება“. დღეიდან კი პარტიის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებში – მას, ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს მოუწევთ მნიშვნელოვანი დებატები, საპარლამენტო განხილვები და დისკუსიაში შესვლა ხელმომწერ ოპოზიციასთან.

„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მე განვმარტე პარტიაში ბრიფინგზე და პარტიის ლიდერებთან, მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკებები დაიწყო და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, არაერთხელ მითქვამს, რომ შეთანხმებით ამ ყველაფრის დასრულებისთანავე მე ვთვლიდი, რომ საჭირო იქნებოდა ჩემი წასვლა პოსტიდან და დღეს მიმაჩნია, როცა უკვე გვყავს პარლამენტში კონკურენტული ოპოზიცია, ჩემი ადგილი არის დარბაზში ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე.

საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, რას ნიშნავს რეალური დემოკრატია და რას ნიშნავს ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ პარლამენტში გავაკეთეთ.

მაშინაც ვერ აიღო პასუხისმგებლობა ოპოზიციამ თავის თავზე, გადავიდა ბოიკოტის რეჟიმზე და ამ რეფორმების გაკეთება ჩვენ მოგვიწია, დღეს ყველა ხედავს, რომ ჩვენს მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმებით გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც არაერთ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარი ხედვები წარმოადგინონ, იკამათონ“,- აცხადებს თალაკვაძე.