მე პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპისკენ სწრაფვას – გუდკოვი სამხარაძეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დმიტრი გუდკოვი ეხმაურება  საქართველოში მის შემოსვლაზე უარსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარს, თითქოს ის დუმის წევრი იყო, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

გუდკოვის თქმით, ის „ულოცავს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას“, რომ როგორღაც მოიფიქრეს მისი არშემოშვების მიზეზი და ციტირებს სამხარაძის სიტყვებს, თითქოს გუდკოვი სახელმწიფო დუმის წევრი იყო, ალექსეი ნავალნიმ კი 2008 წელს საქართველო ცუდად მოიხსენია.

გუდკოვი წერს, რომ სამხარაძის მოყვანილი მიზეზები შეუსაბამოა.

„აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს აღიარა. მე კი მისი წევრი 2011 წელს გავხდი. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში. პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

თანაც, დუმის წევრის, გავრილოვისგან განსხვავებით, რომლის პარტიაც მხარს უჭერდა აღიარებას, მე არ ჩავმჯდარვარ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. გავრილოვისგან განსხვავებით, ვისაც, რამდენადაც მახსოვს სიხარულით დახვდა საქართველოს ხელისუფლება“, – წერს გუდკოვი.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, ასევე შეუსაბამოა მის არშემოშვებასთან დაკავშირებით ნავალნის ხსენება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს მხოლოდ საბაბი იყო და ის სინამდვილეში პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

„მე პატივს ვცემ: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ქართველ ხალხს; მის ევროპულ არჩევანს. მძულს: პუტინის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობა და ტყუილი“, – წერს გუდკოვი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვინმე 2008 წელს რუსეთში მხარს უჭერდა საქართველოში ჯარის შემოჭრას, მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია აქვთ მათ დღეს და არა მაშინ, რადგან თავდაპირველად რუსეთში მხოლოდ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს შესახებ.

„თუკი ვინმემ მოგვიანებით შეიტყო სიმართლე და ამბობს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს მისი უფლებაა. მეც სიმართლე მხოლოდ 2012-2013 წლებში გავიგე და იმ მომენტიდან ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავეხმარო საქართველოს და ვიბრძოლო კრემლის აგრესიის წინააღმდეგ.

ამ დროს კი, ქვეყანაში უშვებ პოზნერს, შევჩენკოს, გავრილოვს, ვინც დაარღვია კანონი და არ უშვებ გუდკოვსა და სხვა ოპოზიციონერებს…“ – წერს დმიტრი გუდკოვი.