მელია ტყუილად ბაქიბუქობდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო - ღარიბაშვილი

პუბლიკა

ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა – რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ – ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა. ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ევროკავშირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 8 მაისს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.