მელიას თქმით, რეგიონებში ჩასვლისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შემდეგ გამოცხადდება პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია.

„არ მინდა, ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიას თქმით, ეს არის მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის. რამდენიმე დღეში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოც.