მემკვიდრეობის სააგენტო ტიმოთესუბანზე: საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სამარცხვინო ცდაა

პუბლიკა

სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში  სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.

კერძოდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარდა მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩატარდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი, მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფარისაგან, ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა, ტაძრის  სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც  სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები, შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა. ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და ამოიგოზა ნაპრალები.

სააგენტოს განცხადებით, ლორფინის სახურავის გადაწყობა და ახლით ჩანაცვლება მოხდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, რათა მასშტაბური ჩარევა თავიდან ყოფილიყო აცილებული.

„რაც შეეხება მეთოდოლოგიას, სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის გადახურვის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ –  ძეგლის წყლის ინფილტრაციისგან დაცვა. სახურავი რომ დაზიანებული იყო და წყალს ატარებდა, დადასტურებული ფაქტია, რასაც ჩატარებული სამუშაოების დაკნინების მოსურნე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვნებათმცოდნე „მეცნიერებიც“ ვერ უარყოფენ. ამიტომაც იყო საჭირო 2020 წელს ძეგლის დროებით თუნუქით  გადახურვა. როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ეს სახურავი მოხსნილია და ძეგლი გადახურულია  სპილენძის სახურავით, რაც  ძეგლის დაცვის მრავალწლიანი გარანტიაა, ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სამუშაოების პროცესში ტიმოთესუბანში ჩასულმა ერთმა მეცნიერმა განაცხადა, „ეს მთავრობა რომ წავა, ტიმოთესუბანს სპილენძს მაშინვე მოვაძრობთ და ძეგლს ისევ ლორფინის ქვეშ დავტოვებთო“. სააგენტოს განმარტებით, ის ამგვარი შემფასებლების მოსაზრებებს სერიოზულად ვერ მიიღებს და ვერც გაითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ეს არის  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი სამარცხვინო ცდა, რითაც ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხელოვნებათმცოდნემ თავი არაერთხელ გამოიჩინა. სააგენტო კვლავაც მოუწოდებს ასეთ პირებს, რომელთაც ძეგლების დაცვა-აღდგენის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ, მოერიდონ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებულ შეფასებებსა და ამგვარი შეფასებების დადასტურებულ ფაქტებად გასაღების ფუჭ მცდელობას“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე 2022-2023 წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე იქამდე იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე და დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება.


ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თამარის ეპოქის არქიტექტურის ძეგლია.

ჩუბინაშვილის ცენტრი მიუთითებს, რომ აგურით ნაგები და ლორფინით გადახურული შენობა მაღალი მხატვრული ღირებულებისაა.

ეკლესიას სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს XIII საუკუნის დასაწყისის მოხატულობა, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

პროექტის წინაისტორია

ჩუბინაშვილის ცენტრის თანახმად:

არქიტექტორ პ. ერნის 1939 წლის ნახაზები და ფოტოგრაფ ი. ზენკოს 1950-იანი წლების ფოტოსურათები მოწმობს, რომ იმხანად ლორფინის ავთენტური სახურავის ფილების დაახლოებით 30-35% დამტვრეული და/ან ჩამოცვენილი იყო, ყველაზე მეტად – დასავლეთი მკლავის სახურავის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ნაწილზე და დასავლეთ კარიბჭეზე.

1956-1957 წლებში ჩატარდა სახურავის რეაბილიტაცია. დამტვრეული და დაზიანებული ლორფინები ახლით ჩანაცვლდა, ხოლო კარგ მდგომარეობაში მყოფი ძველი ფილები გაიწმინდა ბიოლოგიური ნადებისაგან და ხელახლა დაიგო.

1977-1980 და 2004-2006 წლებში ლორფინის ზედაპირი კვლავ გაიწმინდა მცენარეებისა და ხავსისგან. 2019 წელს ეკლესიის ინტერიერში წყალი ჩავიდა, რამაც საფრთხე შეუქმნა კედლის მხატვრობას.

სავარაუდოდ, 2020 წელს (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია არ იძებნება) ეკლესიის ლორფინის სახურავზე სეგმენტურად (აღმოსავლეთ ნაწილზე მთლიანად, გარდა შვერილი აფსიდებისა და ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ნაწილებზე) მოეწყო თუნუქის დროებითი გადახურვა.