მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან - კობახიძე ოპოზიციაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ე.წ. „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო პაკეტსა და პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ამ კანონპროექტზებს „წამახალისებელი ეფექტი“ უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის.

„რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტების პაკეტმა უნდა წაახალისოს პოლიტიკური პარტიები, უფრო მეტად დაფიქრდნენ პარლამენტში შემოსვლის საკითხზე, საბოტაჟის გვერდზე გადადების საკითხზე და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა მან „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, „ვერ მოიძებნა წახალისების სხვა მეთოდი?“, – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საკმარისი წამახალისებელი ნაბიჯი გადადგა:

„მეტი რა წავახალისოთ, ვეუბნებით რომ გადავთვლით ყველაფერს და 1% ცდომილება იქნება რიგგარეშე არჩევნებს ვნიშნავთ, ვეუბნებით რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდება სისტემის კუთხით და საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით. იმდენი რამე დავდეთ ჩვენ მაგიდასთან, რომ მეტი რა წავახალისოთ, არ ვიცი ახლა, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.