მგონია, რომ დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის - კვირიკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ბრუნდება, თუმცა აქვს მეგობრული შეხვედრები და ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მესამე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

„პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს, მაქვს მეგობრული შეხვედრა და მგონია, რომ ეს დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის და ეს არის ჩემი აზრი, ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინ არ არის არც ერთი პოლუსის ნაწილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ არის დადებითი, ამიტომ ისე უნდა შეიცვალოს პოლიტიკური სპექტრი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნას.

„ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს რამე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება, თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და აზრთა ჭიდილი იქნება.

მე მგონია, რომ ახლა ოცნება არ დატოვებს ამ პოლიტიკურ ველს და არ გაქრება ხო სადღაც, არც უნდა გაქრეს, რადგან ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა და მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ბევრი ახალი სახისაც, რომელიც ამბობს რომ 8 წელი დაკარგა ქვეყანამ, ასე რომ 8 წელი გადავაგდოთ… როგორც 9 წელი გადავაგდოთ არ არის სწორი – ყველას აქვს თავისი მიღწევები, თავისი სუსტი მხარეები. დგება მომენტი, როცა მინიმუმ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც ნანახი აქვს ამ ქვეყანას, აღარ უნდა ნახოს”, – აცხადებს ის.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფლება ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ის აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში.

„მე როცა პრემიერი ვიყავი, მე საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული მისგან რაღაც პერიოდში, მერე რაღაც პერიოდში რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ძალიან ცდილობენ, რომ გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ადმიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს.”

ჟურნალისტმა კვირიკაშვილს შეახსენა მმართველი გუნდისგან გაჟღერებული ოფიციალური ვერსია, რომ კვირიკაშვილმა თანამდებობა UNICEF-ის კვლევის გამო დატოვა, რაზეც ყოფილმა პრემიერმა უპასუხა:

„მე არა მგონია, ასეთ რაღაცა თემებზე ღირდეს დეტალური ისა. ნუ ახლა, UNICEF-ის კვლევა… რა ვიცი რა გითხრათ ახლა. მიზეზად ამის მოტანა, მე მგონია, რომ მთლად სერიოზული არ არის”.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 13 ივნისს განაცხადა.

„გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა. საუბარი იყო მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.ბოლო დღეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან. პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს”, – განაცხადა მაშინ კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში.

მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დაგვიანებული რეგულაციების გამო დაბალი ფენის წარმომადგენლები იღებდნენ კრედიტებს, რომლებსაც ვეღარ იხდიდა და ამის გამო პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაისაჯა. „მანაც და მთელმა გუნდა დაინახა, რომ არ ჰქონდა რესურსი მართვის და აღარ ჰქონდა ნდობა პარლამენტში და მთავრობაში. მას არ დარჩა არჩევანი ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც”, – ამბობდა ივანიშვილი.