„მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“ – ანგარიში სკოლების დეპოლიტიზების თემაზე

პუბლიკა

22 დეკემბერს გაიმართა პროექტის – „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“ პრეზენტაცი, რომელშიც ანგარიშის ავტორი, ირმა პავლიაშვილი და განათლების კოალიციის წარმომადგენლები – ირინა ხანთაძე და გიორგი ჭანტურია იღებდნენ მონაწილეობას.

ანგარიშმა მოიცვა 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნების წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდი და მიზნად ისახავდა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების/ფაქტების ანალიზს, რომელიც საარჩევნოდ საჯარო სკოლების თანამშრომლების ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან მათზე ზეგავლენას ეხება;

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ანგარიშში განხილულია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული ფაქტები; მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული მოვლენები; აგრეთვე, გარკვეული ფაქტების დასაზუსტებლად, საჯარო ინფორმაცია მიღებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან.

არსებითი პრობლემები და ძირითადი მიგნებები:

  • მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა;
  • საჯარო სკოლების მოვალეობის შემსრულებელი დირექტორების შერჩევის კრიტერიუმების არ არსებობა;
  • სააგიტაციო ღონისძიებებზე საჯარო სკოლების თანამშრომელთა ჩართულობა და ამ ღონისძიებებზე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და იძულების ნიშნები;
  • საჯარო სკოლის თანამშრომელთა სამართლებრივი ცნობიერების დაბალი ხარისხი.;

აღნიშნული გამოწვევებისა და მიგნებების  გათვალისწინებით, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს, ასევე პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზებას და საარჩევნო/პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას, კერძოდ:

  • სახელმწიფომ უზრუნველყოს:
    • სახელმწიფო უწყებების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა, რაც ინსტიტუციების სანდოობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს;
    • საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა, რათა არ მოხდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის, ასევე, სავარაუდო იძულების მექანიზმების გამოყენება;
    • სავარაუდო იძულებისა და ზეწოლის ფაქტებზე დროული და ობიექტური გამოძიების წარმართვა;
    • საგანმანათლებლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკური დისკრიმინაციის საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნა;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს:
    • საჯარო სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება;
    • საჯარო სკოლების ავტონომიის მეტი გარანტიები და მეტად ფორმალიზებული ანგარიშვალდებულების, სკოლისა და დირექტორის ეფექტიანობის შეფასებისა და ინსპექტირების პოლიტიკისა და მექანიზმების ჩამოყალიბება.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა:
    • დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა და წინასაარჩევნო კამპანიური ღონისძიებებისას უზრუნველყონ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა;
  • ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა:
    • საჯარო სკოლის თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება საქართველოს მასშტაბით;
    • ადგილობრივ დონეზე ნდობის ჯგუფების შექმნა, რომელიც განათლების სისტემაში არსებული პრობლემური საკითხების ღიაობას შეუწყობს ხელს და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენას უზრუნველყოფს, ეს კი ერთიანობაში ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის მექანიზმების და ზედამხედველობის პრაქტიკის გაძლიერებას.

ანგარიში შესრულდა  პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.