მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დავაფიქსირეთ | „ქართული ოცნება“

პუბლიკა

მმართველი პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ქართლმა ოცნებამ” ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დააფიქსირა.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას, ყველაფერზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ინტერესები და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

„საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართელოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაართულიყო მხარეებს შორის მედიაციში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

„ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა.

ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია შეხვედრის გამართვაზე “პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. შეხვედრა 7  სათზე დაიწყება.

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გაიმართება.

დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.