მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან - უგულავა ელისაშვილზე

„ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „მთავართან” სტუმრობისას განაცხადა.

უგულავას განცხადებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი ალეკო ელისაშვილის მხრიდან იმ ერთობიდან გასვლისა, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციური პარტიები თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობდნენ.

„სამწუხაროდ, ბატონი ელისაშვილი გავიდა ამ ერთობიდან. მე ძალიან  ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ეძღვნება ოპოზიციის ლანძღვას და ნაკლებად „ქართული ოცნებისას”. მას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს „ქართული ოცნების” მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს მედიის ინტერესი იქნება ამაზე, იმიტომ, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს”, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური ერთობა ღია იყო ელისაშვილთან თბილისში მაჟორიტარების საკითხზე შესათანხმებლად, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ელისაშვილმა თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებაზე დაიწყო ვაჭრობა.

„2 ადგილს ითხოვდა და ამიტომ არ მესმის დღეს პრიცნიპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს, თუნდაც „ევროპული საქართველოს” მიმართ. 2 ადგილით პრიცნიპულად მისაღები ვიქნებოდით, როგორც ჩანს. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, დანარჩენი არ ვაპირებ მასზე საუბარს. უბრალოდ საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი”, – განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდგომ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესთან და „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმა შექმნა.

„პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობის ყოფილ ლიდერებს დაწყებული გვაქვს, თუმცა რა სახეს მიიღებს, რა ფორმას მიიღებს, ვნახოთ, არ გამოვრიცხავ რომ ჩვენი, ამ გუნდის დგომა გადაიზარდოს პოლიტიკურ გუნდშიც”, – განაცხადა ელისაშვილმა ახალი პლატფორმის პრეზენტაციის დროს.