„მიუღებელია და იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი“, - თურნავა ევროკავშირის დროშების დაწვაზე

პუბლიკა

„რასაკვირველია, ვგმობთ, მიუღებელია და იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას, რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს ევროკავშირის დროშების დაწვის ერთგვარ კამპანიასთან დაკავშირებით და ხომ არ წაახალისა 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშის განადგურებამ ეს შემთხვევები.

„ყოვლად მიუღებელია ზოგადად საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა და მეორეც ერთი, ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის დროშის მიმართ. რა თქმა უნდა, იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი. იცით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღევანდელი კანონმდებლობა კიდევ მეტად გავამკაცროთ და ინიცირებულია შესაბამისი ცვლილებები კანონში პარლამენტში და იქნება ამის განხილვა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, „ქართული ოცნების“ დროს საქართველო ყველაზე მეტად დაახლოვდა ევროკავშირთან და ხელისუფლება ფლაგმანია ევროკავშირის პოლიტიკის თვალსაზრისით.


პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა, თავდაპირველად, 5 ივლისს ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველზე გამოსვლის შემდეგ ჩამოხსნეს. 6 ივლისს, მას შემდეგ, რაც დროშა პარლამენტის წინ ხელახლა დაკიდეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა ის კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს. 7 ივლისს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ ისევ აღმართა.

ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა. ისინი ევროკავშირის დროშას წვავენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტო-ვიდეომასალას, რითიც მოუწოდებენ თანამოაზრეებს, რომ ჩაერთონ კამპანიაში.