მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას და მოვუწოდებთ პარტიებს, ეროვნული ინტერესი პირად მიზნებზე მაღლა დააყენონ - ევროსაბჭოს მომხსენებლები

პუბლიკა

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ქვეყანაში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ეროვნული ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ.

მათი განცხადებით, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს, რომლებსაც საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ყურადღებით აკვირდებიან.

„ამ შეთანხმებას, სრულად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, შეუძლია, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში. შესაბამისად, ყველა პარტია უნდა შეუერთდეს ამ შეთანხმების შესრულების ძალისხმევას. მათ, ვისაც ეს არ გაუკეთებია, შეყოვნების გარეშე უნდა მოაწერონ ხელი.

საქართველო გზაგასაყარზეა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და მოთამაშეს, ეროვნული ინტერესი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი მათ პარტიულ და პირად ინტერესებსა და სტრატეგიებზე წინ დააყენონ“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროსაბჭოს გავრცელებული განცხადებით, მომხსენებლებმა – ტიტუს კორლაცანმა და კლაუდე კერნმა ხაზი გაუსვეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სრული ნდობა ექნება.

სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მისალმებასთან ერთად მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ნამდვილად ინკლუზიურ პროცესს, ყველა რელევანტური მოთამაშის ჩართულობით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ შეფასების პროცესი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლადაც, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით.

„ამ მხრივ ჩვენ არ შეგვიძლია, ხაზი არ გავუსვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების პოზიციებზე სწორად შერჩევის პროცესის მნიშვნელობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს, რომ ყველა ეს კანდიდატი შერჩეული იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, კონსენსუსზე და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის გზით. უზრუნველყოს, რომ მათ რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა ჰქონდეთ პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს  არსებითია ამ მნიშვნელოვანი სასამართლო ინსტიტუტის ლეგიტიმურობისა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობისთვის“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

მომხსენებლები ასევე წუხილს გამოთქვამენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნა ამ რეკომენდაციების გათვალისწინებამდე არ გადაიდო და შერჩევა უკვე დაიწყო.

თანამომხსენებლები – ტიტუს კორლაცანი და კლაუდე კერნი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო. მათი შეფასებით, კანონი საბჭოთა დროის არასათანდო კოდექსის ნაწილია, რომლის გარკვეული მუხლები და დებულებები კითხვებს აჩენს პროპორციულობასა და სათანადო სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით, ხოლო ზოგიერთი მათგანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

შესაბამისად, მომხსენებლები იმეორებენ მათ რეკომენდაციას, რომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით შემუშავდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სრულიად ახალი კანონპროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებთან.

მომხსენებლები მიესალმებიან საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსაც, რომლებიც ასევე შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია და იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.