მივესალმებით შეთანხმებას და მოვუწოდებთ დანარჩენებს, ხელი მოაწერონ - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას განცხადებით ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტზე,  „საქართველოს მომავლის გზაზე“ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ხელმოწერას და დარჩენილ პარტიებს „გამბედაობისკენ“ მოუწოდებენ.

„ეს ტექსტი ემყარება სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებულ პუნქტებს, მაგრამ ამასთანავე უფრო ყოვლისმომცველად ეხება პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხს და საარჩევნო რეფორმას.

ჩვენ გვჯერა, რომ დოკუმენტი პოლიტიკურად დაბალანსებულია და მის ცენტრში საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმური მოლოდინები დგას.

ის იძლევა შესაძლებლობას არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისა და პოლარიზაციის შემცირებისთვის, რომელმაც უკვე დიდი ხანია ქართული პოლიტიკა მოწამლა.

ეს დოკუმენტი ახალ სტიმულს იძლევა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და კანონის უზენაესობისთვის, ამყარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ჩვენ პატივისცემით მოვუწოდებთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, რომ მათაც გამოიჩინონ მსგავსი გამბედაობა საქართველოს საკეთილდღეოდ.

და რადგან ეს პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ უკან დარჩა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში შეძლებს განაახლოს სრულყოფილი ფუნქციონირება და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების სრულყოფილად იმპლემენტაციას“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი განცხადებით, ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მზადაა საქართველოს პარლამენტთან ახლო თანამშრომლობისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმებას 19 აპრილს მიაღწია. შარლ მიშელის საბოლოო ინიცირებულ დოკუმენტზე ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართვლემა გუნდმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და დამოუკიდებელმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს.

ხელმოწერას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და დისტანციურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მომდევნო დღეს საქართველოშიც ჩამოვიდა და ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ჯერჯერობით შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.