მივმართავ პრემიერს, ჩავიდეს რიონის ხეობაში და ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგელობა აიღოს - იოსელიანი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, ჩავიდეს რიონის ხეობაში და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა იქ არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე იოსელიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„გვახსოვს დაახლოებით 1 თვის წინ იყო ამ საკითხის განხილვა, მაგრამ საკითხი კიდევ უფრო დაიძაბა, კიდევ უფრო მეტი ვნებათაღელვა არის რიონის ხეობაში და დღეს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს საპოლიციო ძალებით, რობოკოპებით და სპეციალური დანიშნულების მანქანებით აპირებს რომ დაელაპარაკოს, რაც მხოლოდ ჩვენთვის, როგორც პარლამენტის წევრებისთვის არა, ყველა მოქალაქისთვის არის მიუღებელი. ჩვენ მოქალქეებს უნდა ვესაუბრებოდეთ პირველ რიგში არგუმენტებით და არგუმენტების სისწორით უნდა ვუმტკიცებდეთ თუნდაც იმ პროექტის გამართულობას, რომელიც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იქ უნდა განხორციელდეს.

არ წყდება მათი ზარები, მათი თხოვნები ჩვენ მიმართ, რომ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქართველოს პარლამენტი, რადგან, რასაც ვუყურებთ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამხელა ცეცხლს ეთამაშება.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ვიცი, რომ კორონავირუსი აქვს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ როგორც კი შეუდგება სამუშაოს, მისი პირველი სამუშაო დღე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებული. ჩავიდეს რიონის ხეობაში და პირადად აიღოს პასუხისმგებობა ამ საკითხის მოგვარებაზე, იმიტომ რომ ეს პრობლემა საბოლოო ჯამში კიდევ თუ უფრო გამწვავდება, ამისგან ხელისუფლება კი არ დაზარალდება მხოლოდ, დაზარალდება მთლიანად ქვეყანა და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც სიცივეში დგას და სამართლიანად ითხოვს ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ხელისუფლებამ დაუმტკიცოს პროექტის გამართულობა, დაუმტკიცოს, რომ მათ სამომავლო ცხოვრებას და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა იოსელიანმა.

11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. მოტივად უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო. აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუშინ სოფელ გუმათთან იმყოფებოდნენ. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუმათჰესთან გაშლილ კარვებში დარჩნენ.

მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ შეკრების შესაძლებლობა სოფელ ნამოხვანში მისცეს, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. პროტესტის ნიშნად, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ გუმათთან ნამოხვანიდან ქუთაისისკენ საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გამართვისთვის ისინი სამართალდამცველებს ასევე სთავაზობენ ალტერნატიულ ლოკაციას. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.