მხარდაჭერას ვუცხადებთ სახალხო დამცველს - ეროვნულ უმცირესობათა საბჭო

პუბლიკა

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადებით, ნინოწმინდაში ომბუდსმენისა და მისი წარმომადგენლებისთვის თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა შემაშფოთებელია.

საბჭოს განცხადებით, სახალხო დამცველს დაუბრკოლებლად უნდა ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვის უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე გავრცელებული ყველა ფაქტის ობიექტურ და გამჭვირვალე გამოძიებასა და მისი შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენას.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათ საბჭო მოუწოდებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ პროცესში პირდაპირ და ირიბად ჩართულ ყველა ორგანიზაციას და კერძო პირს, იხელმძღვანელონ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესებით და არა პოლიტიკური, იდეოლოგიური, პირადი და სხვა ინტერესებით.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

საბჭო უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასა და სახალხო დამცველის მიერ თავისი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებას“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.