მმართველი პარტიის დეპუტატი ნინოწმინდის პანსიონზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

პუბლიკა

მმართველი პარტიის „ ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა   ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, ამ შეკითხვის შემდეგ როგორ მიდის დეპუტატი და არ აპირებს, ამ თემაზე ისაუბროს. დავით სონღულაშვილი ჟურნალისტს ეკითხება: „ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ სხვა კითხვა?“ ამის შემდეგ კი მიდის.

ჟურნალისტი მას ეუბნება, რომ მმართველი გუნდის დეპუტატია და მხოლოდ ეკონომიკაზე საუბრობს?! დეპუტატის თქმით, ამ კითხვაზე პასუხს „შესაბამისი კომიტეტის გასცემს“.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.