მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება „კვირას“ ჟურნალისტებზე თავდასხმაზე - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს, 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„მედიორგანიზაციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

ქარტია ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.