მოძრაობა „საზმაუ ხალხს" ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება

პუბლიკა

ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მოძრაობა „საზმაუ ხალხს” განცხადებით გამოეხმაურა. მოძრაობის წევრები განცხადების გასაკეთებლად საზოგადეობრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან შეირიბნენ. მათი თქმით, იუმორისტის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს ეკისრებათ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„ერთი კვირის წინ, მოქალაქის, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული გაშავების კამპანია დაიწყო. პროსახელისუფლებო მედიებმა: „იმედმა”, „რუსთავი 2-მა” და „პოსტვი-მ” ეს კამპანია სისტემურად და კოორდინირებულად ააგორეს.

ორი დღის წინ ონისეს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდამსმხელს საჯაროდ ექომაგება და თავდებობას სთავაზობს დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც თავადაც არაერთი ფიზიკური ძალადობის მონაწილეა. დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს პასუხობს, რომ ზოგჯერ “პოლიცია ვერ დაგიცავს”. ეს პირდაპირი გზავნილია მოძალადეებისთვის. ეს არის საჯარო წაქეზება, რომ უარესი მოხდეს.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს.

პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომლის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს: მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებსა თუ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ.

ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის. ამჯერად, მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას თუ ჯგუფს – არამედ ერთ მოქალაქეს.

ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ.

კვირაზე მეტია, სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუკი ონისეს ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს.

მივმართავთ საზოგადოებას, მედიებსა და პოლიტიკურ ფიგურებებს: გამოიჩინეთ კეთილგონიერება: ვიღონოთ ყველაფერი, რომ ონისეზე თუ მის ახლობლებზე სამომავლო ძალადობის შემოქმედები არ გავხდეთ.

და ბოლოს, მივმართავთ პარტია ქართულ ოცნებას: გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ:

არ გაპატიებთ ტერორს. არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით” – განაცხადა საზმაუს მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გოტა ჭანტურიამ მოძრაობის სახელით.

სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს 22 ივლისს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ნიკო ხურცილავა.

რამდენიმე დღეა, სამთავრობო პროპაგანდა ოქრიაშვილის დისკრედიტირებას ეწევა მის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო.

თავდასხმის კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს.

სამთავრობო პროპაგანდის საპასუხოდ იუმორისტმა 19 ივლისს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ ის არ აგინებს მწერალ ნოდარ დუმბაძეს, როგორც ამას პროპაგანდა მანიპულირებს, არამედ ჰიპოთეტურად საუბრობს იმაზე, ვისი ზიზღი იქნება ყველაზე აბსურდული და ამის მაგალითად მოჰყავს ნოდარ დუმბაძე.