მოგვიწევს, გავაგრძელოთ მუშაობა მედიატორებთან ერთად დოკუმენტის 2 პუნქტზე - ბადრი ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილება დანიელსონის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე უცვლელია. მისი თქმით, ისინი ეთანხმებოდნენ 3 პუნქტს. მისი თქმით, დოკუმენტის 2 პუნტქზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს მედიატორებთან ერთად.

„ჩვენი გადაწყვეტილება არის უცვლელი, ჩვენ თანახმა ვართ 3 პუნქტზე, რომელიც ბატონმა დანიელსონმა შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ზეწოლის გამო „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა გაეკეთებინა დღევანდელი განცხადება.

რაც შეეხება იმ 2 პუნქტს, როგორც ჩანს, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მზადყოფნა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ შევთანხმდეთ იმდაგვარად, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. მოგვიწევს გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს მედიატორებთან ერთად. თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ ჩვენ მართლაც გადავწყვიტოთ პოლიტიკური კრიზისი. ისევე როგორც ბატონმა თალაკვაძემ განაცხადა, მათ აქვთ შენიშვნები ამ 2 პუნქტთან მიმართებით, ჩვენც გვაქვს შენიშვნები“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ „TV პირველის“ ეთერში.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარში. თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“  არათუ დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აწერს ხელს, მეტიც, გამოხატავს მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.