მოხის საქმეზე 2 ყოფილ პოლიციელს ბრალი 7 წლის შემდეგ წარედგინა, რაც დაგვიანებული და მოჩვენებითია - SJC

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება 2014 წელს სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შვიდი წლის შემდგომ პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და მიიჩნევს, რომ ეს გადაწვეტილება დაგვიანებული და მოჩვენებითია.

ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება არსებითად ევროპულ სასამართლოში ამ საქმეზე თითქმის უკვე დასრულებულ განხილვას უკავშირდება და სასამართლოსთვის სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულებების შესრულების მტკიცების მცდელობას უფრო წარმოადგენს. გთავაზობთ განცხადებას:

„როგორც ცნობილია, 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა, ხოლო ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელეს. მომხდართან დაკავშირებით 2014 წელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. თუმცა, გამოძიებას არსებითად ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფდა მუსლიმი თემის წარმომადგენლების დაზარალებულად ცნობას და სავარაუდო დამნაშავეთა იდენტიფიცირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) მუსლიმი თემის ოთხი წარმომადგენლის სახელით 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, გამოძიების დაწყებიდან შვიდი წლის შემდგომ, 2021 წლის 13 აპრილს კი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ერთ-ერთი განმცხადებელი თეიმურაზ მიქელაძე და პოლიციის ორ თანამშრომელს გ.პ.-ს და ბ.ა.-ს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარუდგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არცერთი ბრალდებული ამ დროისათვის აღარ არის პოლიციის თანამშრომელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე არ გვქონია შესაძლებლობა გავცნობოდით ჩატარებული გამოძიების შედეგებს, შესაბამისად უცნობია საგამოძიებო მოქმედებათა შინაარსი, რეზულტატი და ის გარემოებები, რის გამოც 7 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ბრალდებულთა იდენტიფიცირება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უახლოეს მომავალში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან მიიღებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გაცნობის შემდგომ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას წარუდგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება არსებითად უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვას, ვინაიდან საქმის განხილვა დასკვნით ფაზაშია და სახელმწიფო ცდილობს ევროპულ სასამართლოს უფლების დაცვისთვის გადადგმული გარკვეული ნაბიჯები აჩვენოს, თუმცა ცხადია, რომ გამოძიების პროცესის გაჭიანურება და მხოლოდ 7 წლის შემდეგ რეაგირება ამ გადაწყვეტილების მოჩვენებითობას ააშკარავებს.

ამ საქმეში სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დაობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს.

ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ცდილობს სასამართლოს აჩვენოს ქართული მუსლიმი თემის შევიწროების პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლებში არა ერთ რეგიონში გამოვლინდა, სახელმწიფოს რეაგირება კი ამ შემთხვევებზე არაქმედითი იყო. სახელმწიფომ არა მხოლოდ არ მიიღო ჯეროვანი სამართლებრივი ზომები ძალადობისა და შევიწროების პრევენციისთვის, არამედ არ გაატარა პოზიტიური ზომები, რომელიც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემთა შორის ნდობის მშენებლობასა და გაუცხოების პოზიტიურ ტრანსფორმაციას შეუწყობდა ხელს. სახელმწიფოს მიერ ზოგიერთ შემთხვევაშ უგულებელყოფილი დარჩა ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვის საკითხი. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ შორის მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის საკითხზე არსებითი მნიშვნელობა ექნება სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებისთის”, – ნათქვამია განცხადებაში.