მომდევნო დღეებში გამოვაცხადებთ შესყიდვას 300 მიკროავტობუსზე – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და, რა თქმა უნდა, მიკროავტობუსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პოლიტიკაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს. კალაძის თქმით, უწყებას, კონსულტაციების საფუძველზე, ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის მიღების შესაძლებლობა მიეცა, რასაც, მისივე განმარტებით, მიკროავტობუსების შესაძენად გამოიყენებენ.

„მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე – 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 6 აპრილს განაცხადა, რომ 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დროებით შეაჩერა. მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეალობა იყო.