მოქალაქეთა ჯგუფი გამგეობის შენობიდან არ გამოდის და მერთან შეხვედრას მოითხოვს

პუბლიკა

ისანი-სამგორის გამგებობაში მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან პირები, რომლებსაც საცხოვრებელი ნაგებობები აქვთ აფრიკის დასახლებაში. ისინი გამგეობის შენობაში არიან შესული და აცხადებენ, რომ შენობა პიკეტირებულია.

მუნიციპალურმა ინსპექციამ 11 თებერვალს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული. მათ მფლობელებს დაავალეს, რომ ეს შენობები დაეშალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსპექცია თავად დაშლიდა ამ ნაგებობებს.

„აქ ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვა კალაძე ჩვენთან, არ დაგველაპარაკება და არ გაგვცემს პასუხებს იმაზე, თუ რატომ ჰყავს ეს ადამიანები სტრესში ამდენი ხანი. ახლა, ბატონო კახი, ამდენი ხანი ხომ არიან ადამიანები სტრესში, მე პირობას გაძლევთ, რომ თქვენ იქნებით დღეიდან სტრესში მანამ, სანამ ამ ადამიანებს სტრესი არ მოეხსნებათ… არავითარი პოლიტიკური მოთხოვნა აქ არ არის. არცერთი პოლიტიკოსი არ გაგვეკაროს. არავითარი პოლიტიკა არ გვჭირდება“, – მიმართა კალაძეს  „ფორმულას“ ეთერში ერთ-ერთმა მოქალაქემ.

როგორც მათ აღნიშნეს, შენობა პიკეტირებული იქნება მანამ, სანამ კახა კალაძე ისნის გამგეობაში არ მივა. მოქალაქეების განცხადებითვე, თუ მათ მოთხოვნას კალაძე „არ დააკმაყოფილებს“, ისინი ამბობენ, რომ ხვალ „ამ ქალაქში ყველა გამგეობა პიკეტირებული იქნება“.