მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ - გიგაური

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო“ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და შემდეგ უნდა აირჩიონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო“ არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა მან.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას. კომიტეტს გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.