„მოვითხოვთ, გაიზარდოს შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტი“ | პეტიცია

პუბლიკა

„გაიზარდოს შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტი“, – ამ მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ავტორი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძეა.

„კორონა პანდემიამ შშმ პირებს სხვების არაპროპორციულად გაუზარდა ცხოვრების ხარჯები. მაგ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზების გამო უსინათლოთა გამცილებლები ვეღარ მუშაობენ, მოუწევდა რა ვინმეს ტაქსის ხარჯების გაღება. 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს სახელმწიფომ უგულებელყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი ფულადი ბენეფიტის (ე. წ. სოციალური პაკეტის) ზრდის აუცილებლობა, რაც წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით“, – წერია პეტიციაში.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრის თვიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დარჩა შშმ პირთა არსებული სოციალური პაკეტი; მისი უცვლელად შენარჩუნება კი შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს და იგი არ პასუხობს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ გაეროს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნას.

„ასევე ირღვევა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მე-15 მუხლი სოციალური დაცვის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი სოციალური სახელმწიფოს შესახებ. არსებული სოციალური პაკეტი არაეფექტურია და არ პასუხობს არც შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, და არც საარსებო მინიმუმის სტანდარტებს მსყიდველუნარიანობის დაქვეითების და მზარდი ინფლაციის პირობებში“, – აღნიშნულია პეტიციაში.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის გაზრდაზე უარს ვერც საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კომპენსაცია აბალანსებს, რადგან ის გაიცემა მხოლოდ დროებით, 2021 წლის ივნისის ჩათვლით, თანაც მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები შშმ პირთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 24 %-ს შეადგენს და აბსოლუტური ყურადღების მიღმა რჩება დარჩენილი 76%.

„ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ, შშმ პირთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის განსაზღვრის ობიექტურ კრიტერიუმთა შემუშავებამდე და შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე სრულად გადასვლამდე დაჩქარებული წესით მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება ასაკობრივი პენსიისა და სოციალური პაკეტის ყოველწლიური პროპორციული ზრდა ინდექსაციის წესით, ასაკობრივი პენსიის მიმღებთა ანალოგიურად, ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა“, – ვკითხულობთ პეტიციაში.